X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროპული „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ (Smart Specialization) პლატფორმის დანერგვის პროცესებში

15 ივლისი 2020

თბილისი. 14 ივლისი 2020 – სარეკომენდაციო კვლევის დოკუმენტი საქართველოს მხარეს 2020 წლის სექტემბერში წარედგინება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა ევროკავშირის ერთიანი კვლევის ცენტრის (JRC – Joint Research Center) ექსპერტებთან - კლერ ნაუველაესსა და მანფრედ შპისბერგერთან, ბოლო ერთი თვის შემაჯამებელი ინფორმაცია განიხილა.

ამ პერიოდში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციითა და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, სულ 17 ვიდეო კონფერენცია გაიმართა „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ ეროვნული გუნდის, საქართველოს შესაბამისი სამინისტროებისა და საქართველოში მოქმედი დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

მისიის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, საქართველოში არსებული ბიზნესების მხარდამჭერი მექანიზმების, პროგრამებისა და ასევე დონორი ორგანიზაციების დახმარების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის მოგროვება. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდება სარეკომენდაციო კვლევის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მხარეს 2020 წლის სექტემბერში წარედგინება.

თავის მხრივ, ამ კვლევის მიზანია, მხარი დაუჭიროს იმერეთის რეგიონისთვის დაგეგმილი „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ სტრატეგიის განხორციელებას, რომლის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება, 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ პერიოდში გაწეული შრომისთვის. დარწმუნებული ვარ თქვენს მიერ მომზადებული დოკუმენტი დაგვეხმარება მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ საქართველოში არსებული ყველა ის მექანიზმი და შესაძლებლობა, რაც იმერეთის რეგიონისთვის დაგეგმილი „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ სტრატეგიის სამომავლო განხორციელებას შეუწყობს ხელს, რომლის მომზადების პროცესებშიც ევროკავშირის ერთიანი კვლევის ცენტრის ექსპერტები დაგვეხმარებიან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ევროპელი ექსპერტების მიერ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - საქსტატის მხარდაჭერითა და ჩართულობით, მომზადდა და საბოლოო განხილვების ეტაპზეა, იმერეთის რეგიონთან დაკავშირებული ე.წ. მეპინგ დოკუმენტი, რომელიც საფუძვლად დაედება ამ სტრატეგიის მომზადებას. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მადლიერება გამოვხატო ევროკავშირის მიმართ, რომელიც ყოველთვის მხარს გვიჭერს საქართველოში საუკეთესო ევროპული გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვის პროცესებში. კარგად გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანია „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ პლატფორმის მექანიზმების დანერგვა, რომლის გარეშეც ევროპის ქვეყნებსაც კი არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ შესაბამისი ევროპული ფონდებით,“ - აღნიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
„მინდა აღვნიშნო, რომ „ჭკვიანი სპეციალიზაცია“ საქართველოსთვის ახალი გამოწვევაა და ასევე შესაძლებლობა, ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს პოლიტიკის დაგეგმვის ევროპულ სტანდარტებს. პირველადი შეფასებით, საქართველოში არსებობს კარგი ბაზა იმისთვის, აღნიშნულმა პლატფორმამ ეფექტიანად იმუშაოს. ეს ეხება ადგილზე არსებულ გამოცდილებას, პროცესების შესაძლო მხარდამჭერი მექანიზმების არსებობას, ასევე მისი დანერგვის მზაობასა და მაღალ მოტივაციას,“ - განაცხადა ევროკავშირის ექსპერტმა კლერ ნაუველაესმა.

„დავამატებდი, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოქმედ დონორებთან იმ მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნება, რაც ამ ეტაპზე სახეზეა. ასევე აუცილებელია მათ მიერ დაგეგმილი სამომავლო პროექტების მომზადების პროცესში მთავრობასთან კარგი კომუნიკაცია. ასევე, ჩვენი შეფასებით, საქართველოში არსებობს კარგი ბაზა, პროცესების მიმდინარეობის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმებთან დაკავშირებით, როგორც დონორი ორგანიზაიების, ასევე სახელმწიფო უწყებების დონეზე. შესაბამისად, ეს ორი მიმართულებაც აღნიშნული პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია,’’ - აღნიშნა ევროკავშირის ექსპერტმა მანფრედ შპისბერგერმა.